შესავალი

კვლევითი პროექტი - მიკრო და მაკრო ფაქტორების გავლენა შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე. კვლევა ითვალისწინებდა  იმ მიკრო და მაკრო ფაქტორების შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენს შშმ პირების სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე. კვლევითი პროექტი განხორციელდა ორი მიმართულებით: (1) რაოდენობრივი კვლევა - ეკონომიკური სექტორებისა და რეგიონების მიხედვით დასაქმებული შშმ პირების ზოგადი სურათის შექმნა და სამუშაო  პირობებისადმი მათი დამოკიდებულებების შესწავლა; (2) თვისებრივი კვლევა – საკვლევი თემის მიმართ შშმ პირთა, შშმ პირების დამსაქმებლებისა და სფეროს ექსპერტების დამოკიდებულებების შესწავლა.

წინამდებარე ნაშრომი ეხება კვლევითი პროექტის მეორე მიმართულებას, რომელშიც ასახულია თვისებრივი კვლევის შედეგები.

მეთოდი და რესპონდენტები
თვისებრივი  კვლევა ჩატარდა შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, საგარეჯო, ქუთაისი. კვლევამ სამი სამიზნე ჯგუფი მოიცვა:  შშმ პირები, დამსაქმებლები და ექსპერტები. ის სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი და შემთხვევის შესწავლა.

სიღრმისეული ინტერვიუ

 სულ ჩატარდა 30 სიღრმისეული ინტერვიუ: 
• დასაქმებულ შშმ პირებთან ჩატარდა 15 ინტერვიუ (6 ქალი, 9 კაცი) შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გურჯაანი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და ახალციხე. 
• დამსაქმებლებთან ჩატარდა 10 ინტერვიუ (7 ქალი, 3კაცი) 
• ექსპერტებთან ჩატარდა 5 ინტერვიუ (4 ქალი, 1კაცი) თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, ზუგდიდში და კასპში.
პირისპირ ინტერვიუ 45 წუთიდან 90 წუთამდე გრძელდებოდა; სიღმისეული ინტერვიუებისათვის მომზადდა 3 ტიპის გზამკვლევი. 

ფოკუს ჯგუფი

სულ ჩატარდა 14 ფოკუს ჯგუფი:
• დასაქმებული შშმ პირების მონაწილეობით ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი 6 ქალაქში  (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი) 42 შშმ პირის მონაწილეობით (12 ქალი, 30 კაცი).  
• დამსაქმბლების მონაწილეობით დამსაქმებლებთან ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი 35 პირის (18 ქალი, 17 კაცი) მონაწილეობით თბილისში, თელავში, გორში და ქუთაისში.
ფოკუს ჯგუფი გრძელდებოდა 90 წუთიდან 120 წუთამდე გრძელდებოდა; ფოკუს ჯგუფისათვის  მომზადდა 3 ტიპის გზამკვლევი. 

შემთხვევის შესწავლა
 შემთხევათა შესწავლის დროს გამოიკითხა 6 შშმ პირი (4 ქალი და 2 კაცი) და მათთან დაკავშირებული 6 პირი (2 ქალი და 4 კაცი).

კვლევის მონაწილეთა რეკრუტირება ხდებოდა პროექტის რეგიონული კოორდინატორების დახმარებით.  ისინი ახდნენდნენ კვლევის პოტენციურ მონაწილეთა იდენტიფიკაციას და უკავშირდებოდნენ მათ კვლევაში მონაწილეობის შეთავაზებით. თანხმობის შემთხვევაში, კვლევის მონაწილეებს  პროექტის მკლევრები უკავშირდებოდნენ. 

ამგვარად, კვლევამ მოიცვა 9 ქალაქი. კვლევაში ჩართული 121 მონაწილე,  რომელთაგან 69 შშმ პირი იყო, 47 დამსაქმებელი და 5  სფეროს ექსპერტი.


1. შშმ პირების პერსპექტივა

1. ინსტრუმენტი და რესპონდენტების დემოგრაფიული მონაცემები
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა შშმ პირების ინტერვიუს გზამკვლევი, რომელიც  ცხრა ნაწილისგან შედგება და სულ 52 კითხვას მოიცავს. კითხვარში შემდეგო ძირითად საკითხები შედის:
1.დემოგრაფიული მონაცემები;
2.განათლება;
3.ყოფა და სოციალური წრე;
4.დასაქმება და მასთან დაკავშირებული საკითხები;
5.შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გზები.

ჯგუფური დისკუსიის გზამკვლევი 4 ძირითად საკითხს ეხება:
1.დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები;
2.დასაქმების ხელშეწყობის გზები;
3.დასაქმების ზეგავლენა შშმ პირის ცხოვრებაზე;
4.მუშაობის ეფექტურობის გაზრდის გზები. 


ინტერვიუ ჩატარდა  15 შშმ პირთან. აქედან ყველაზე დიდ ჯგუფს ფიზიკური პრობლემების მქონე პირები წარმოადგენდნენ (8 რესპონდენტი), შემდეგ მხედველობის პრობლემების მქონე რესპონდენტები (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი), ფსიქიკური, გონებაჩამორჩენისა და სმენის პრობლემების მქონე თითო-თითო რესპონდენტი იყო გამოკითხული.

შშმ პირებს შორის 22-დან 47 წლის (მედიანა 33 წელი) ასაკის  9 კაცი და 6 ქალი იყო. მათგან სამს  ქონდა საშუალოზე ნაკლები, სამს საშუალო, ორს პროფესიული, ოთხს არასრული უმაღლესი და სამს უმაღლესი განათლება.


2. სამსახური
2.1.სამსახურის დაწყება
7  რესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში, 5  საჯარო სამსახურში, ხოლო 3 შპს-ში არის დასაქმებული. საჯარო ორგანიზაციებში (საჯარო რეესტრი, გამგეობა, მერია) 150-დან 2000 ადამიანამდეა დასაქმებული. დანარჩენი რესპონდენტები ზომით ბევრად უფრო პატარა ორგანიზაციებში მუშაობენ, სადაც 18 - 30 პირია დასაქმებული.

რესპონდენტების მუშაობის სტაჟი იმ ორგანიზაციაში, სადაც ახლა არიან დასაქმებული ძალზე განსხვავებულია; ზოგმა სულ რამოდენიმე თვის წინ დიწყო მუშაობა, ნაწილს კი 18 წლამდე სტაჟიც კი აქვს. სამსახურის დაწყებას წინ უსწრებდა ზოგისთვის 2-3 წლიანი, ერთი რესპონდენტისთვის კი 12 წლიანი უმუშევრობა.

რესპონდენტები მიუთითებენ, რომ მუშაობის დაწყებას სხვადასხვა გარემოებამ შეუწყო ხელი. გორის გამგეობის თანამშრომელის შემთხვევაში ინიციატივა გორის გუბერნატორს ეკუთვნოდა, რომელმაც შშმ პირები სხვდასხვა უნარებში გადაამზადა, ხოლო შემდეგ ნაწილი სამსახურში აიყვანა.

“ყველას გვეგონა, რომ როგორც წესი ავიღებდით სერთიფიკატს და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი, მაგრამ სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ 5 ადამინს დაგვიძახა, მიგვაცილა ოთახებამდე, რომელსაც ჩვენი სახელი და გვარი ეწერა გარედან. ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ეს.”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

ერთი საჯარო სამსახურის თანამშრომელი დროებით აიყვანეს შემცვლელად. მაგრამ კონტრაქტის ვადის  გასვლის და იმ ადამიანის სამსახურში გამოსვლის შემდეგ, რომელსაც შშმ პირი ცვლიდა იგი გაანთავისუფლეს. თუმცა ცოტა ხანში დირექტორის მოთხოვნით მას დაუკავშირდნენ და სამსახურში აიყვანეს.

“დელფინარიუმის შოუმენის შემცვლელის დროებით თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე შემარჩიეს გასაუბრებით და 3 თვით გამიფორმეს ხელშეკრულება. მისი დასრულების შემდეგ დარვჩი უმუშევარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის დირექტორს დავამახსოვრდი და როგორც კი დაიშვა რამდენიმე ახალი საშტატო ერთეული, დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს სამსახური“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა მუშაობა მოხალისედ დაიწყო. ორმა რესპონდენტმა მიუთითა, რომ მუშაობა ახლობლის დახმარებით დაიწყო და გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მას ხელშეკრულება გაუფორმეს.

რესპონდენტთა დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ამ ორგანიზაციათა ერთი ნაწილი შშმ პირების მიერ არის დაფუძნებული (კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ყრუთა კავშირი), მეორე ნაწილი კი მათზე მიმართულ პროექტებს ახორციელებს (მაგ. ტოლერანტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი), ზოგი კი ორივეა ერთად, როგორიცაა მაგალითად ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელსაც მონაცემთა ბაზები აქვს, სადაც მუშაობის მსურველი შშმ პირები არიან  აღრიცხულნი.

ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებით ერთმა რესპონდენტმა დაიწყო საჯარო სამსახურში მუშაობა.

ამგვარად, ძალზე ცოტაა შემთხვევები, როდესაც მუშაობის დაწყება ღია კონკურსში გამარჯვების შედეგად ხდება.

2.2.სამსახურში მისვლა და შენობაში გადაადგილება

სამსახურში უმრავლესობა მანქანით მიდის; ზოგი საკუთარი მანქანით მიდის, რომელსაც თვითონ მართავს, რამოდენიმე ოჯახის წევრს მიჰყავს მანქანით, ორი მიდის ეტლით და მას ამაში ოჯახის წევრი ეხმარება, ზოგი ტაქსით მგზავრობს და ეს მგზავრობა მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. რაიონში მცხოვრები ტაქსით მოსარგებლე ასე აღწერს თავის გამოცდილებას:

“გზაში ისე 10 წუთიც არუნდა, მაგრამ როცა ტაქსით მოვდივარ დიდხანს მიწევს ხოლმე ცდა, ხან 40 წუთი ვდგავარ გაჩერებაზე. ყოფილა შემთხვევა 2 საათიც ვმდგარვარ, 3 საათიც, ხანკი  5 წუთიც არ დამჭირვებია ცდა, მაგრამ ეს 5 წუთი ძალიან იშვიათია. 

საქმე კიდევ იმაშია, რომ ყველა ტაქსის მძღოლს აქვს გადაკეთებული მანქანა და  გაზზე ჰყავს გადაყვანილი და ეტლის ჩადება პრობლემაა. არის შემთხვევები, როდესაც ზოგ მძღოლს უბრალოდ ეზარება მანქანიდან გადმოსვლა ეტლის ჩასადებად. ნახევარი ხელფასი მიმდის ტაქსიში, იმიტომ რომ როდესაც ადგილიდან აგყავს, იქ შეიძლება არ გაივსოს ტაქსი და რომ არ დააგვიანო, უნდა გადაიხადო ყველა ადგილის საფასური.” 

მსუბუქი მანქანით მგზავრობას ზოგს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ურჩევნია, მაგრამ ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის ადაპტირებული.

“მირჩევნია საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ვიდრე ორგანიზაციამ უზრუნველმყოს ტრანსპორტით, რადგან ამ შემთხვევაში ზედმეტ ტვირთად შეიძლება ეს დააწვეს ორგანიზაციას, იგი შეშინდეს და შემდეგ არ აიყვანოს შშმ პირი” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი).

იმ შენობების დიდი ნაწილი, სადაც შშმ პირები მუშაობენ,  მთლინად ადაპტირებული არ არის და შშმ პირებს გადაადგილება მხოლოდ ცალკეულ სართულებზე შეუძლიათ. ასე მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთი ფლიგელის ერთი სართულია ადაპტირებული. კიდევ ორმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ გადაადგილება მხოლოდ პირველ სართულზე შეუძლიათ, მაშინ როდესაც ორგანიზაციას ერთზე მეტი სართული უკავია. 

მხედველობის პრობლემების მქონე ერთერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დრო სჭირდება დასამახსოვრებლად, შემდეგ კი უკვე თავისუფლად ახერხებს გადაადგილებას.

“2-3 დღის შემდეგ, როცა ოთახების, სველი წერტილების, ავეჯის განლაგებას დავიმახსოვრებ, მერე თავისუფლად შემიძლია გადაადგილება.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

სამი რესპონდენტი მიუთითებს, რომ შენობები რომლებშიც ისინი მუშაობენ,  მთლიანად ადაპტირებულია.

სმენის პრობლემების მქონე პირებს შენობაში გადაადგილების პრობლემა არ აქვთ.

2.3.სამუშაო რეჟიმი

შშმ პირთა დიდი ნაწილი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით მუშაობს და მიაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს.

”ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ გამიმართლა, რადგან ერთ -ერთი მოწინავე ობიექტია შშმ პირთათვის მორგებული, ადაპტირებული გარემოთი. მაქვს სტანდარტული სამუშაო დრო, 10-დან 6 სთ-მდე ვმუშაობ. გრაფიკით კმაყოფილი ვარ და შრომის კოდექსში გათვალისწინებული შეღავათები არ მომწონს, შშმ პირთათვის ნაკლები სამუშაო  საათების გამოყოფის მიმართულებით. ნებისმიერი შრომისუნარიანი შშმ პირი გეტყვით, რომ ურჩევნია  ნაკლები დრო გაატაროს სახლში და მისაღებია მეტი აქტივობა, თუ ეს დასაშვებია და შეესაბამება მის უნარებს.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი).

“ვმუშაობ სრული დატვირთვით, ზოგჯერ 8 საათზე მეტი, საქმიდან გამომდინარე. სამუშაო გრაფიკს  ვიქმნი მე, ანუ უფროსი არ მყავს, ჩემი უფროსი არის მხოლოდ თბილისის მერი. ჩემთვის აქ კმაყოფილებაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმ გამოწვევებსა  და პასუხისმგებლობაზე, რაც აქ მოსვლით ავიღე საკუთარ თავზე, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. კმაყოფილებისთვის და კომფორტისთვის არ მოვსულვარ მერიაში. თუმცა, ყველანაირი ელემენტარული კომფორტი მაქვს.”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი).

ორმა რესპონდენტმა მიუთითა, რომ არ აქვს სტაბილური გრაფიკი და სამუშაოს დაწყებისა და დასრულების საათები იცვლება.

„გვაქვს 9 საათიანი გრაფიკი. ერთი საათი შესვენება. მომწონს ჩემი გრაფიკი, იმიტომ, რომ სხვაგან სამზარეულოებში არის ბევრად მეტი სამუშაო საათები და ჩვენთან ასე არაა. ორი დღე ვისვენებთ. სამუშაოს გრაფიკი ხშირად იცვლება. მაგალითად არის ხოლმე, რომ 2 კვირა ერთ განრიგში, ერთ განყოფილებაში ვართ, დიდი ობიექტია და ბევრი სამზარეულოა. ხან დილის 7 სთ-დან 4 სთ-მდე ვარ, ხან შუადღის 3 საათიდან 12-მდე, ან საღამოს 9-დან 6-მდე. რეჟიმი თავიდანვე ასეთი იყო და ჩემთვის მისაღებია.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

“ძალიან დატვირთული არ ვარ, აი დილის რვა საათზე რომ ვიწყებდე ესე არ ვარ. არის პერიოდი, როცა შეიძლება 2 გადაცემა ერთად ჩავწეროთ და მერე მთელი ის ორი კვირა ვიყო თავისუფალი. ხან არის რომ მთლიანად თავისუფალი ვარ, ხან არის რომ მთლიანად დატვირთული ვარ. ყოველდღე არ ვმუშაო.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი). 

ზოგიერთი დაწესებულება შშმ პირებს შეღავათის სახით სამუშაო საათებს უმოკლებს ერთი საათით. ასეა მაგალითად, გორის გამგეობაში, სადაც რამოდენიმე შშმ პირი არის დასაქმებული და მათ 2 საათიანი შესვენება აქვთ;  ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “დეა”-ში, შშმ პირის თხოვნით მას ერთი საათით შეუმცირეს სამუშაო დღის ხანგრძლიობა. ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ 6 საათიანი სამუშაო დღე აქვს, მაგრამ ეს ყველა თანამშრომლისათვის ასეა.

“6 საათიანი სამუშაო რეჟიმი მაქვს. მართალია აქედან 5 საათი საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ; იმის დროც მრჩება, რომ ჩემი საქმეებიც გავაკეთო, ვივარჯიშო, წავიკითხო.  ჩემი პრობლემის გამო ჩვეულებრივ, 8 საათიან სამუშაო რეჟიმში ნამდვილად ვერ გავძლებდი. მგონი, სხვა თანამშრომლებსაც  ასეთი რეჟიმი აქვთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული სამუშაოა.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)


რამოდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მუშაობს თავისუფალი რეჟიმით.
“ზოგჯერ 2 საათი, ზოგჯერ კი 8 საათი ვმუშაობ. ზოგადად გამოყოფილი დრო არ არის. ტელევიზია არ არის ისეთი სამსახური დილით 9-ზე რომ მიხვიდე და საღამოს 5-ზე დაამთავრო. შეიძლება მოხვიდე ღამის 12 საათზე, ღამის 2 საათზე, როგორც საქმე მოითხოვს”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი).

გამოკითხულთაგან  ერთი სახლიდან მუშაობს და ამდენად მისი სამუშაო დღე ფიქსირებული არ არის.

“მე სახლიდან ვმუშაობ და სამუშაო საათების რაოდენობა სამუშაოს რაოდენობაზეა დამოკიდებული და ხშირად  განსხვავებულია დღეების მიხედვით. მე კმაყოფილი ვარ ასეთი გრაფიკით და იმით, რომ სახლიდან ვმუშაობ.  შეზღუდვიდან გამომდინარე,  ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)


შესვენებას თითქმის ყველა იყენებს.  მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ რადგან სამსახურს ერთი საათით ადრე ამთავრებს, ამიტომ საქმეების მოსასწრებად, შესვენებით არ სარგებლობს. დასაქმებულთა ერთი ნაწილი, უფრო ხშირად ისინი, რომელთა  ორგანიზაციაშიც არ არის საკვები ობიექტი, შესვენებაზე გარეთ გადიან, დანარჩენები ორგანიზაციაში რჩებიან და იქ იკვებებიან. რესპონდენტები უფრო ხშირად თანამშრომლებთან, ზოგჯერ კი მეგობრებთან ერთად სადილობენ. 

“თავისუფალი გრაფიკის გამო როცა მინდა, მაშინ ვისვენებ. უმეტესად ადგილზე ვსადილობ.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

რამოდენიმე რესპონდენტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუშაობის თავისუფალი გრაფიკი აქვს. სადილის გარდა, კვების შესვენებას იყენებენ პირადი საქმეების მოსაგვარებლად, მაგალითად ინგლისური ენის კურსებზე დასასწრებად, მოსაწევად, თანამშრომლებთან ურთიერთობისათვის და სხვა. 

“შესვენებაზე საჭმელად გავდივარ, სიგარეტსაც ვეწევი, ცოტა ჰაერს ჩავისუნთქავ ხოლმე, ძირითადად დაცვის ბიჭებთან ერთად ვჭამ.  ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. თან გარეთ გამოსვლა სასიამოვნოა.”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“შესვენებაზე დაქალი მყავს ერთი, კარგი დაქალი ირმა. შესვენებაზე ვლაპარაკობთ მე და ირმა, ვსაუბრობთ. ირმას მოაქვს საქარგავი, ვჯდებით და ვქარგავთ შესვენებაზე, ვლაპარაკობთ.”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)


2.4.ტრენინგები
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რესპონდენტთა უმრავლესობამ სამსახურის დაწყების წინ ტრენინგები გაიარა. ტრენინგები ძირითადად იმავე ორგანიზაციაში ტარდებოდა სამუშაოსათვის სპეციფიური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისების მიზნით. თუმცა, იყო ისეთი შემთვევებიც, როდესაც რესპონდენტებმა სხვა სამთავრობო ორგანიზაციაში გაიარეს კურსი, რომელიც უფრო ზოგად უნარებს, მაგალითად კომუნიკაციას, კომპიუტერის მოხმარებას ეხებოდა. Eა ტრენინგების გავლის მოთხოვნა არა მხოლოდ შშმ პირებისათვის, არამედ ყველა თანამშრომელისათვის იყო აუცილებული.

დასაქმებულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა ტრენინგი მუშაობის პერიოდში. ერთმა რესპონდენტმა გაიარა უცხო ენის, კომპიუტერისა და კომუნიკაციის კურსები, მეორემ სხვა ორგანიზაციაში გაიარა რამოდენიმე კვირიანი ტრენინგი კონფლიქტებსა და ურთიერთობებზე. 

ორმა რესპონდენგმა აღნიშნა, რომ სამსახურში გაიარა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ტრენინგი – კონფიდენციალობის დაცვაზე, საბუთების შენახვაზე, ინტერვიუს აღებაზე.

ჟესტური ენის მასწავლებელმა ტრენინგი გაიარა ჟესტური ენის სწავლების საკითხებსა და ქალთა პრობლემებზე. პირმა, რომელიც ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მსახურობს, გაიარა ტრენინგები ნარკომანიის პრევენციასა და ადამიანების უფლებებზე.

უსინათლო რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ტრენინგი მუშაობის პროცესში არ გაუვლია, მაგრამ ბევრი ისწავლა გამოცდილებით.

“მაძლევდნენ შენიშვნებს, თანამშრომლებიც და უფროსიც  და მერე მე ვცდილობდი გამოსწორებას.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)


2.5.სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები და დახმარების საჭიროება.

რესპონდენტთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ არანაირ სირთულეს არ აწყდება მუშაობისას. გადაადგილების სირთულის მქონე რესპონდენტების დიდ ნაწილს უჭირს შენობაში გადაადგილება იქ არსებული არაადაპტირებული გარემოს გამო.

“ძირითად პრობლემას შენობაში გადაადგილება ან მაღალი თაროდან საბუთების ჩამოღება წარმოადგენს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

ორმა რესპონდენტმა აღნიშნა სირთულეები, რომლებიც მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ერთ შემთხვევაში ეს იმაში გამოიხატება, რომ გამგეობის რესურსების სიმცირის გამო ყველას ვერ ეხმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში,  მოქალაქეების დაუდევრობის თუ არ ცოდნის გამო ისინი ზუსტად ვერ მიუთითებენ, თუ რა საბუთებს საჭიროებენ.

“სირთულე არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ბევრს ვერ ვეხმარები. უბრალოდ, არის მძიმე შემთხვევები, როდესაც მოდიან ადამიანები და შენ ვერაფრით ეხმარები, უკან გიწევს მათი გაშვება.  ეს ყველაფერი ადამიანურად ძალიან რთულია.“(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი) 

“სირთულეები უფრო მოქალაქეების დაუდევრობასთან არის დაკავშირებული. ითხოვენ საბუთებს, მაგრამ წელს (მაგალითად დაბადების მოწმობის მოთხოვნისას) სწორედ არ მიუთითებენ.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

დასაქმებულ პირთა უმრავლესობა სამსახურში დახმარებას არ საჭიროებს. რამოდენიმეს სჭირდება დახმარება, ისიც  მხოლოდ გადაადგილებისთვის. 

“დახმარება ხშირად მჭირდება გადაადგილებისას, თუმცა გონებრივ სამუშაოს რაც ეხება, მას სრულიად დამოუკიდებლად ვართმევ თავს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

უსინათლო რესპონდენტებმა სხვებზე მეტად აღნიშნეს დახმარემის საჭიროება. 

“კითხვების და წერისას და ზოგადად,  გადაცემის დაგეგმვაში ყველაზე დიდი როლი აქვს ჩემს დაქალს, რომელიც ჩემი გადაცემის ფოტოგრაფია. ის ასევე მაძლევს რჩევებს. ასევე ხშირია როცა მთლიანად ინფორმაციას იძიებს და კითხვებსაც წერს. არანაირ ხელფასზე არ მუშაობს, უბრალოდ ეს მისი კეთილი ნებაა.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

რამოდენიმ შშმ პირმა მიუთითა, რომ ზოგჯერ საჭიროებს დახმარებას და მას ყოველთვის ის თანამშრომელი ეხმარება, რომელიც ახლოს არის.  რესპონდენტს, რომელიც სახლიდან მუშაობს,  ზოგჯერ ოჯახის წევრები ეხმარებიან.

“ყველაზე ხშირია ის, რომ არ შემიძლია დიდხანს კონცენტრაცია. აგრეთვე, სწრაფად მეღლება ხელები და ვეღარ ვახერხებ კომპიუტერზე აკრეფვას, რაც ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს ვკარნახობ იმ ტექსტს, რომელიც უნდა ამეკრიფა.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

 “კითხვების დაწერისას და ზოგადად, გადაცემის დაგეგმვაში ყველაზე დიდ როლი აქვს ჩემს დაქალს, ანასოფიას, რომელიც არის ჩემს გადაცემაში ფოტოგრაფი. ადრე ვიზაჟისტიც იყო.  მაგრამ ის უფრო რჩევებს მაძლევს,  არანაირ ხელფასზე არ მუშაობს, უბრალოდ ეს მისი კეთლი ნებაა.  ხშირად მირჩევს ხოლმე მოდი მაგდა ამ სტუმრის მერე ეს სტუმარი გვყავდეს, იმიტომ რომ რეიტინგისთვის ესე ჯობია. არი ხოლმე პერიოდი, როცა მთლიანად მეხმარება; ანუ ხშირია როცა მთლიანად ინფორმაციას იძიებს ხოლმე და კითხვებსაც წერს.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

2.6.შესრულებული სამუშაოს ხარისხი და სამუშაოს შეფასება
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კარგად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

“პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, ვერ დავიძინებ, თუ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი. ზოგჯერ წინასწარ ვაკეთებ, რაც შემიძლია 2 კვირის შემდეგ გავაკეთო. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა, სემინარების ჩატარება, ღონისძიებების ორგანიზება, მუდმივი სიახლეები. ჩემი დევიზია- შეუძლებელი არაფერია. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერს ვაკეთებ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

ბევრს კარგად შესრულებული საქმის არგუმენტად ის მოყავს, რომ შენიშვნა არ მიუღია.

“რადგან ვინარჩუნებ სამსახურს, შესაბამისად ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შენიშვნა არ მიმიღია. არ მაქვს სამსახურში რაიმე ისეთი ვალდებულება, რისი გაკეთებაც არ მომწონს და დამოუკიდებლად ვერ ვახერხებ.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“კარგად შევასრულო სამუშაო და ვთვლი, რომ კარგად გამომდის. მომწონს ძალიან ჩემი სამუშაო იმიტომ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვეხმარები.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

პროგრესი სამუშაოს შესრულების ხარისხში
ადარებენ რა დასაქმების დაწყებისას მათ მიერ შესრულებლი სამუშაოს ხარისხს დღევანდელობასთან, რესპონდენტები  აღნიშნავენ აშკარა პროგრეს სამუშაოს შესრულების ხარისხში.

“ახლა უფრო ბევრად კარგად ვაკეთებ საქმეს, ვიდრე თავიდან ვაკეთებდი. 
მაშინ დამოკიდებული ვიყავი კითხვებზე, კითხვებს ვაწერინებდი ხოლმე პროდიუსერს და აი, ხომ შეიძლება ლაპარაკისას ჩაეჭრა ადამიანს და ეს ჩაჭრა არ გამომდიოდა. მაინტერესებდა, მაგრამ ვერ ვბედავდი, კითხვიდან კითხვაზე გადავდიოდი და ხან ძალიან არათანაბრად ვსაუბრობდი. ახლა აღარ ვფიქრობ, რომ სტუდიაში ვზივარ. ვთვლი, რომ ჩვეულებრივ სტუმარი მყავს და პირად საკითხებზე ვსაუბრობ. ეს გამოვასწორე და მომწონს. “ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

ზოგი დიდ კმაყოფილებას არ გამოხატავს შესრულებული სამუშაოს ხარისხით, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეს მონდომებას არ აკლებს. 

“ვფიქრობ, ძალიან მაგარი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმ ცოდნის ფარგლებში, რომელიც მაქვს.  ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ვარ-თქო, ამას ვერ ვიტყვი. ვაკეთებ ყველაფერ იმას, რაც ჩემი მოვალეობაა. კარგად რა. . . ყველაფერს ვაკეთებ ისე, რაც ვიცი და რაც არ ვიცი, არც მერიდება რომ ვიკითხო.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი). 

ერთი რესპონდენტის გარდა  (რომელსაც გაუჭირდა შეფასების გაკეთება) ყველა შშმ  პირმა აღნიშნა, რომ დამსაქმებლებისმათი მუშაობით კმაყოფილები არიან. 

“ამ მხრივ ცოტა არ იყოს მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობს უკეთესად იყოს ყველაფერი. რომ გეტყვის, რომ ეს არ არის კარგი, მისაღებიც უნდა იყოს შენიშვნა, იმიტომ რომ უფრო მეტის გაკეთებას მოითხოვს შენგან. იმიტომ რომ შეგიძლია მეტის კეთება, რომ არ გეხერხებოდეს, არც გეტყოდა.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

კმაყოფილების აღქმის არგუმენტად რესპონდენტებს ძირითადად ის მოაქვთ, რომ მათ შენიშვნებს არ  აძლევენ. 

 „ალბათ კმაყოფილები არიან. შენიშვნა არავის არ მოუცია, არც იმათ ვისთანაც ანგარიშებს ვაგზავნით. მე რამდენადაც ვიცი, მაქებს ხელმძღვანელი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემ საქმეს კარგად ვასრულებ.“

„არ მქონია მათგან საყვედული, ან რაიმე სახის უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. თვითონ რას ფიქრობენ არ ვიცი. წესით უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ.“(მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)


2.7. სამსახურეობრივი ურთიერთობები
რესპონდენტების უდიდესი ნაწილი დადებითად აფასებს სამსახურეობრივ ურთიერთობებს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე უფროსთან და თანამშრომლებთან.

მოსახლეობასთან ურთიერთობა

სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებული შშმ პირების უმეტესობას არ აქვს ურთიერთობები მოსახლეობასთან, რამოდენიმესათვის კი ეს მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს.

“მოსახლეობასთან ურთიერთობა ჩემი პირდაპირი ვალებულებაა. ვეცნობი მოქალაქეების პრობლემებს და ვაწოდებ მათ ინფორმაციას. მათთან ურთიერთობა საერთოდ არ მიჭირს, იმხელა გამოცდილება მაქვს უკვე, რომ ერთი შეხედვით ვიცი ვის როგორ უნდა მივუდგე.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს  მოსახლეობასთან. ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბენეფიციარებთან.  სამსახურის გარეთაც ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გამოვიყვანეთ სახლიდან, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ იყო, უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა ეტლში ჩაჯდომის მერე.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

“მუდმივად მაქვს კლიენეტბთან  ურთიერთობა. ვურთიერთობ პირისპირ, ელ-ფოსტით, ტელეფონით და ეს ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“ურთიერთობა მაქვს კლიენტებთან და ეს სასიამოვნოა. მისაღებში ვზივარ და მათ ვამისამართებ შესაბამის „პირთან.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

კლიენტებთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილებაზე საუბრობს ორი მხედველობა დაქვეითებული პირი.

“ამჟამად არ მაქვს კლიენტებთან ურთიერთობა. საუზმეების განყოფილებაში როცა ვიყავი, მაშინ მქონდა. ისე,  საერთოდ მიჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. შინაგანად ვარ ასე, თვალის სიელმე მაქვს და  ამის კომპლექსიც მაქვს. არ მიყვარს თვალებში ყურება და ზოგი ძალიან ცუდად ხვდება ამ ფაქტს, რაც მაღიზიანებს. ამიტომ ვცდილობ, რომ თავი ავარიდო კლიენტებთან ურთიერთობას.“(ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

„სამუშაოა ისეთი, მუდმივად მიწევს კლიენტებთან ურთიერთობა, სახლშიც მივდივარ მათთან, ან ტელეფონით ვესაუბრები. ჯანმრთელი ადამიანიც რთულია და უსინათლოები უფრო რთული ხასიათის ხალხი ვართ.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

ურთიერთობა უფროსთან
ყველა მიუთითებს უფროსთან კარგ ურთიერთობაზე. ზოგი აღნიშნავს, რომ ურთიერთობა უფრო ღრმა და მეგობრულია და მხოლოდ საქმით არ შემოიფარგლება.  მიუთითებენ, რომ უფროსისგან გრძნობენ სითბოს და პატივისცემას.

“ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს უფროსთან.  უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ როდესაც რაიმე წინადადება, იდეა მაქვს შშმ პირებთან დაკავშირებით, ყოველთვის მისმენს  და იზიარებს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის”. (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი) 

“უფროსთან არა მხოლოდ სამსახურებრივი, არამედ ასევე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ის ჩემთვის დედასავით არის. ყველა თემაზე შეიძლება მასთან საუბარი, მეხმარება გამოსავლის მოძიებაში, ძალიან ბევრი მასწავლა პროფესიულიც და პიროვნულიც. “(ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

“ძალიან კარგი, ბერძენი შეფი გვყავს სამზარეულოში. ყოველთვის სტიმულს მაძლევს, თბილად მექცევა, არც იმას მაგრძნობინებს, რომ მე რაიმე შეზღუდვა მაქვს. ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას. სხვების მიმართაც ძალიან ყურადღებიანია, ვინც ახლები ვართ დიდ ყურადღებას გვაქცევს. ერთხელ მითხრა, რომ ძალიან ამაყობს, რომ მე მათთან ერთად ვმუშაობ.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვები, როცა ამ დონის შეფი გეუბნება ამ სიტყვებს,  განსაკუთრებით სასიამოვნოა.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

დანარჩენი რესპონდენტები დადებითად აფასებენ ურთიერთობას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ იგი მხოლოდ საქმიანია. 

“დისტანცია დაცულია და ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია. მგონია, რომ თანაბარი დამოკიდებულება აქვს ჩემი და სხვა თანამშრომლების მიმართ“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

რესპონდენტების ნაწილი ხაზს უსვავს, რომ უფროსს მათთან ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორც სხვა, არა შშმ პირ თანამშრომლებთან.

ურთიერთობა თანამშრომლებთან
უფროსთან ურთიერთობის მსგავსად, რესპონდენტები ასევე კმაყოფილი არიან თანამშრომლებთან ურთიერთობებით. ზოგი სამსახურს მეორე ოჯახადაც კი მოიხსენიებს. ბევრი თანამშრომლებთან ურთიერთობას სამსახურის მერეც აგრძელებს.

“თანამშრომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კოლექტივის წევრად თავს ყოველთვის ვგრძნობდი. ყოველთვის ერთად აღნვიშნავთ ყველაფერს, სამსახურში თუ სამსახურის გარეთ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“ეს ჩემთვის მეორე ოჯახია. ყველამ ვიცით ერთმანეთის ამბები და ერთმანეთს ყველაფერში გვერდში ვუდგავართ. სამსახურის გარეთაც ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა ურთიერთობას, კოლექტივის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ თავს, მე ფაქტობრივად აქ გავიზარდე, ამ ადამიანებთან ერთად.“(ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

“თავს კოლექტივის წევრად ვგრძნობ. როდესაც ამდენი წელია ერთად მოვდივართ, შეუძლებელია ეს ურთიერთობა მეგობრობაში არ გადაიზარდოს. ეს ურთიერთობა სამსახურის გარეთაც გრძელდება, იქნება ეს ერთმანეთთან სტუმრად მისვლა თუ სხვა.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“თანასწორუფლებიანი ვარ მეც. შენს თავს შენ თვითონ თუ შეიზღუდავ, თორემ სხვა არა.“(ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“ყველასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ხშირად ვქეიფობთ ხოლმე,  ხან უფროსთან შეთანხმებით, ხან მხოლოდ თანამშრომლები.   ხანდახან უცბად ვწყვეტთ ხოლმე, აი დამთავრდება სამუშაო საათები და რა ვქნათ, და მოდი ხინკალი და წამებში თითქოს არავის ფული რომ არ გვაქვს, უცბად გავაჩენთ ხოლმე და ესე ვართ“ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

“საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვაქვს თანამშრომლებს ერთმანეთთან, მეგობრები ვართ. სამსახურს გარეთაც ვაგრძელებთ ურთიერთობებს, მივდივართ ერთმანეთთან, მოვდივართ, თუმცა, ოჯახები გვაქვს ყველას და ვცდილობთ, რომ ის დრო რაც სამსახურის მერე გვაქვს, უფრო მეტად ოჯახებს დავუთმოთ.” (სმენის პრობლემის მქონე ქალი)

სამსახურეობრივი ურთიერთობები, რომლებსაც რესპონდენტები აღწერენ მათი თქმით თავიდანვე, მუშაობის დაწყებისას წარიმართა დადებითად. ერთერთი რესპონდენტი მიუთითებს, რომ მუშაობის დაწყებამდე იცნობდა თანამშრომლებს და შესაბამისად, შეგუების პრობლემა არ დამდგარა.

“ახალციხე პატარაა და ყველა ვიცნობთ ერთმანეთს. სამსახურის დაწყებამდეც, მათთან  ვინც აქ მუშაობს დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. შესაბამისად ყველაფერი თავიდანვე უპრობლემოდ აეწყო.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

თუმცა ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა ის სირთულეები, რომლებიც მას მუშაობის დაწყებისას შეხვდა.

“რთული იყო; თავიდან, განვიცდიდი. რთულია, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმის კომპლექსი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მაფერხებს. თუმცა, თანამშრომლების დამსახურებაა, რომ არ იგრძნობა ეს ურთიერთობაში და ყველა ძალიან თბილები და კარგები არიან. თავიდანვე ძალიან მეგობრულად შევხვდით ერთმანეთს. ‘’ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

“სირთულე თავიდან ის იყო, რომ გარემოს არ ვიცნობდი და გადაადგილება მიჭირდა სანამ დავიმახსოვრებდი. კიდევ ის იყო, რომ სასტუმროში შესვლისას და გამოსვლისას ხელს ვაწერთ და თავიდან ეს მიჭირდა, მერე დაცვის თანამშრომლები მაფორმებდნენ, ან თანამშრომელი აწერდა. ახლა ეს პრობლემები აღარ მაქვს.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

2.10. დაწინაურების შესაძლებლობა და სამსახურის ძიება
გამოკითხულთა უმრავლესობა ვერ ხედავს დაწინაურების პერსპექტივას. ზოგი იმის გამო, რომ უკვე ყველაზე მაღალ თანამდებობა უკავია, რაც შეიძლება ეკავოს სამსახურის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზოგი კი ფიქრობს, რომ იმ ადგილზეა, რაც მის ცოდნას შეესატყვისება და უფრო წინ ვერ წავა, ზოგის კარიერულ წინსვლას კი  დიპლომის არ ქონა აფერხებს. ასევე დაწინაურების დამაბრკოლებელ ფაქტორად არაადაპტირებული გარემოა მიჩნეული.

“დაწინაურების პერსპექტივა არ მაქვს იმის გამო, რომ არ მაქვს დიპლომი “ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მე ფაქტიურად მაღალ საფეხურზე ვარ დღეს. ჩემი თანამდებობის შემდეგ უკვე განყოფილების უფროსის თანამდებობაა. არც შენობაა ადაპტირებული, არც მე მაქვს დიპლომი, ისე რომ ძნელი იქნება დაწინაურება.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“მეტი დაწინაურება სამსახურის სტრუქტურიდან გამომდინარე შეუძლებელია, შემდგომი საფეხური უფროსად გახდომაა.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცები და ქალი)

ფსიქიკური შეზღუდვის მქონე ერთი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ აქვს დაწინაურების შანსი, თუმცა ამისათვის რამოდენიმე წინაპირობის შესრულების აუცილებლობაზე მიუთითებს.

“კი მაქვს დაწინაურების შანსი მაგრამ ამისთვის მხოლოდ ჩემი ნება და ამ ორგანიზაციის ნება არა რის საკმარისი. ამისათვის საჭიროა სოციალური მდგომარეობა გქონდეს კარგი, ანუ ურთიერთობებში უნდა გავძლიერდე, თუ მე გავძლიერდები აქ პრობლემა ვიცი, რომ არ მექნება. ასევე მთავრია, რომ კარგად იცოდე ყველაფერი, სპეციალისტი იყო შენს საქმეში.“

ერთერთი რესპონდენტს  თუმცა არ აქვს  იმ ორგანიზაციაში დაწინაურების პერსპექტივა, რომელშიც ამჟამად მუშაობს, მაგრამ მიაჩნია, რომ მიღებული გამოცდილება სხვა სამსახურში გამოადგება.

რამოდენიმე რესპონდენტმა განაცხადა რომ არ უნდა ან არ აინტერესებს ან კმაყოფილია თანამდებობით და შესაბამისად არ მიისწრაფვის დაწინაურებისაკენ. 

“თანამდებობა, რომელზეც მოვედი, განვითარებას არ ექვემდებარება.  ამ მიმართულებით სხვა არავინ მუშაობს, ერთი კადრი ვარ. სხვა თანამდებობაზე გადასვლა, თუნდაც მაღალიანაზღაურებით არ მსურს. მირჩევნია, იმ განხრით ვიმუშაო, რაც კარგად გამომდის და რომელშიც კომპეტენტური ვარ.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“ყველა ადამიანმა ვინც მუშაობს, თავის საქმე იცის. აქ ტელევიზიაში, არ ვმუშაობთ წინსვლისთვის და კარიერისთვის, უბრალოდ გვსიამოვნებს ყველას ჩვენი საქმის კეთება და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. არა იმიტომ ამაღლდე და კარიერაში წინსვლა გქონდეს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა არნიშნა, რომ აქვს დაწინაურების შესაძლებლობა. 

“დაკისრებულ მოვალეობას კარგად ვასრულებ, ყველაფერს ვაკეთებ რასაც მავალებენ და რატომაც არ უნდა დამაწინაურონ.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)


ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არ ეძებს სამსახურს. ამის მიზეზად მათ სხვადასხვა ფაქტორები დაასახელეს:
• დროის უქონლობა;
• არ იცის სად უნდა მოძებნოს სამუშაო;
• ამჟამინდელი სამსახური აკმაყოფილებს;

“ამჟამად სამსახურს არ ვეძებ, იმიტომ, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, იმ საქმით რასაც ვაკეთებ, ვისთვისაც ვაკეთებ და ანაზღაურებით.”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი) 

არ აქვს იმედი, რომ სამსახურში გარემო იქნება ადაპტირებული; იმიტომ, რომ იქ სადაც მუშაობს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

ნაწილს კი მიაჩნია, რომ კარგი შემოთავაზების, მისთვის სანუკვარი სამსახურის ან ახალი ინტერესების გაჩენის შემთვევაში შეიცვლიდა სამსახურს.

“ამ ეტაპზე არ ვეძებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რადგა ნჩემი ინტერესები შეიძლება სხვა მიმართულებით განვითარდეს, თუნდაც შემოქმედებითი კუთხით.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“ამჟამად არა. ნებისმიერ დროს ღამით რომ გამაღვიძონ და მომიტანონ კონტრაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოს დაწყებაზე  და მითხრან მოაწერე ხელიო, ეგრევე იმას ვკითხავ სად მოვაწერო. ბავშვობიდან მინდოდა პოლიციელობა, პოლიციელი ჩემთვის გაიგივებულია სუსტის დაცვასთან.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

“უკეთესი სამსახური თუ იქნება უარს არ ვიტყვი და თუ სხვა სამსახურში უკეთ შევძლებ უსინათლოთა დახმარებას ამას რა ჯობია. ამჟამად არ ვეძებ სამსახურს, თუმცა სურვილი მაქვს. არ ვეძებ ალბათ უიმედობის გამო, არ ვიცი სხვაგან სად შეიძლება ვიმუშაო. სურვილი იმიტომ მაქვს, რომ სხვაგან შეიძლება უკეთესი პირობები და შესაძლებლობები იყოს. თუ ახალი სამსახური იქნებოდა, უმჯობესია უსინათლოთა პრობლემებზე მუშაობას ეხებოდეს.“ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)


3. დასაქმების მნიშვნელობა
დასაქმება ყველა რესპონდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელია იმ შედეგების გადაფასება, რომელიც შშმ პირთა აზრით, დასაქმებას აქვს. რესპონდენტებს ხშირად უჭირთ დასაქმების მნიშვნელობის ცალკეული ასპექტის გამოყოფა და ისინი უფრო მის მრავლისმომცველ, ზოგად მნიშვნელობაზე მიუთითებენ. 

„სამუშაო ყველაფერს ცვლის. შშმ პირი როდესაც მუშაობს, ის დაკავებულია, სტრესისა და ჩაკეტილობისთვის აღარ რჩება დრო. ყველა შშმ პირი უნდა მუშაობდეს, თუნდაც არ ჰქონდეს დიპლომი, არა აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი რამით უნდა დააკავო, რაც იცის, რაც შეუძლია. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რამე რომ არ შეეძლოს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებაში ყოფნა და ადაპტაცია. ჯერ ის, რომ შენი ფული გაქვს და თამამად შეგიძლია შეიძინო ის, რასაც აქამდე ვერ ახერხებდი, ან  წახვიდე სადმე.  სოციალური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუშაობ და  ხარ სოციუმში, შენც სხვა ადამიანებს უთანაბრდები და მყარად დგახარ.  მუშაობით და სწავლით ყველა პრობლემა შეიძლება დაიძლიოს“   (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი).

“დადებითია ყველაფერი. ვინც არ ყოფილა გამოკეტილი ოთხ კედელს შორის, ალბათ ვერ გაიგებს იმას, რასაც მე ვგულისხმობ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„დასაქმება შშმ პირს მეტ-ნაკლებად აბრუნებს ნორმალური ცხოვრების კალაპოტში, დადებითად აისახება ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ამდენად, ჯანმრთელობაზეც.“ (დისკუსიის მონაწილე თბილისში)

რამდენიმე რესპონდენტმა დასაქმების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დასაქმებამ მას  სხვების დახმარებისა და მათთვის სიკეთის კეთების შესაძლებლობა მისცა. 

„ დადებითია ის, რომ ვაკეთებ იმ საქმეს რაც მიყვარს, და ამით სხვებსაც ვეხმარები.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

დასაქმების უარყოფით შედეგებზე მხოლოდ სამი რესპონდენტი მიუთითებს. 

„ ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ესაა ნაწოლების გამო, რაც ჩემი აქტიურობის შედეგი იყო, ფეხის ამპუტაცია დამჭირდა. შეიძლება ისეც ითქვას, რომ ჩემს სამსახურს შევწირე ფეხი, მაგრამ ამას არ ვნანობ საერთოდ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ უარყოფითი ის არის, რომ როცა სამსახურში რაიმე მცირეოდენ პრობლემას წავაწყდები ძალიან ვითრგუნები და სულ მგონია, რომ ეს იმის გამოა, რომ მე მხედველობის პრობლემა მაქვს და იმას არ განვიხილავ ხოლმე, რომ რაღაც შეიძლება უბრალოდ არ გამოვიდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.”  (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი) 

დასაქმების ზეგავლენა დიდია შშმ პირებსა და მათ უშუალო გარემოცვაზე - მათ შინაგან მდგომარეობაზე, ქცევაზე, ჯანმრთელობაზე, სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასა  და სოციუმთან ურთიერთობაზე., და ასევე მთლიანად საზოგადოებაზე. 

3.1.დასაქმების ზეგავლენა შშმ პირის შინაგან მდგომარეობაზე

გამოკითხვის თითქმის ყველა მონაწილე, დასაქმების მნიშვნელობის განხილვისას, ხაზს უსვამდა დასაქმების ზეგავლენას მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატებოდა ზოგადად კმაყოფილების განცდაში, თვით-შეფასების გაზრდაში, მარტოობისა და გარიყულობის მდგომარეობის დაძლევაში, გუნება-განწყობის გაუმჯობესებაში. რესპონდენტების ნაწილმა აღნიშნა დასაქმების შედეგად გამოწვეული პიროვნული ზრდა.

ცხოვრებით კმაყოფილება და ბედნიერების განცდა


გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ძალიან კმაყოფილია სამსახურით და თავს ბედნიერად გრძნობს, მუშაობის შესაძლებლობა რომ აქვს.

„რაც მუშაობა დავიწყე, მიხარია დილით ადგომა, შევიძინე მეგობრები და სიხარულით მივდივარ სამსახურში. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.“ (დისკუსიის მონაწილე თელავში).

„ჩემთვის სამსახური მეორე ოჯახია, მიყვარს ჩემი საქმე და სიხარულით მივდივარ სამსახურში.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი) 

„კმაყოფილება ... ეს სიტყვა კიდევ ვერ გამოხატავს ჩემ დადებით გრძნობას.“  (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი) 

თუმცა, გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შედარებით ნაკლებად გამოხატავენ კმაყოფილებას.

„ არც გაგიჟებული ვარ, რომ ჩემი სამსახურის მსგავსი არაფერი მინახავს და არც დაბმული ვარ ჯაჭვით ჩემ სამუშაო ადგილზე. კმაყოფილი ვარ, ანუ უმუშევრობას ჯობია, თუმცა, არქივში ჯდომა და მუშაობა საერთოდ არ მგონია, რომ ვინმეს ოცნება იყოს.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

თვით-შეფასება  და თავდაჯერებულება

დასაქმების შინაგან მდგომარეობაზე ზეგავლენის აღწერისას, ყველაზე ხშირად, რესპონდენტები თვით-შეფასების ზრდაზე მიუთითებდნენ.

„ ის, რომ ადამიანი მუშაობს, პასუხისმგებელი პირია რაიმე საკითხთან დაკავშირებით, გასცემს თავის შინაგან რესურსს იწვევს იმის შეგრძნებას, რომ იგი პიროვნებაა, რომელიც სხვას ეხმარება. ეს კი ავტომატურად ზრდის თვითკმაყოფილებას.“  (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ ყველაზე მეტად დასაქმება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. 
ბევრ რამეს ახლა სხვანაირად ვაფასებ, ჩემს თავსაც, შესაძლებლობებსაც, სამსახურის დაწყების შემდეგ თვითშეფასებაც მომემატა. მეგობრები, ოჯახი, ახლობლები ძალიან გახარებულები არიან იმით, რომ ვმუშაობ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დასაქმების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებულები გახდნენ.

„ უფრო მეტად მჯერა საკუთარი თავის, ბოლომდე მაინც არა, მაგრამ ახლა უფრო მეტად შემიძლია დავაჯერო ჩემი თავი, რომ მე ეს შემიძლია.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ მე რომ ვდგები, გარეთ გავდივარ და მივდივარ სამსახურში, ამით ჩემში წაიშალა შშმ-ს განცდა, ამას მე ვეღარ შევიგრძნობ. ჩემს მეგობრებს, რომლებიც სახლში სხედან, აქვთ გარეთ გამოსვლის კომპლექსი, იმის კომპლექსი, რომ ვიღაც საცოდავი მზერით შეხედავს. სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ამ დროს მეორედ იბადება ფაქტიურად.“  (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ დასაქმება აუცილებელია, პირველ რიგში, თვითშეფასებისათვის. თუნდაც, რაიმე ელემენტარული საქმე რომ აკეთოს შშმ პირმა, ესეც მნიშვნელოვანია. როცა იცი, რომ დღეს რაღაცის გაკეთება გევალება, არ გეცლება იმაზე საფიქრელად, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, პირიქით, იმაზე ფიქრობ, როგორ გააკეთო. მუშაობის პროცესში ხანდახან ისიც მავიწყდება, რომ მე რაიმე შეზღუდვა მაქვს .“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

დამოუკიდებლობის განცდა

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დასაქმებამ შშმ პირებში დამოუკიდებლობის განცდა გააჩინა.

„ ნებისმიერი ადამიანი, ალბათ, უფრო დამოუკიდებელი ხდება, ასე იყო ჩემთვისაც, როდესაც მუშაობა დავიწყე.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი) 

„ კმაყოფილი ვარ, რომ ოჯახს დამოუკიდებლად ვინახავ ჩემი შემოსავლით.“  (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია 

გამოკითხულთა დიდი ნაწილი თავს რეალიზებულ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა  შეფასებისას შშმ პირები სხვადასხვა ტიპის შედარებას აკეთებენ, რის გამოც განსხვავებულად განსაზღვრავენ თვითრეალიზების ხარისხს. ზოგიერთი რესპონდენტი თავს შეზღუდვის არმქონე ადამიანებს ადარებს, ზოგიერთი საკუთარი რესურსების გათვალისწინებით მსჯელობს, ნაწილი კი შეფასების კრიტერიუმად დაკისრებული დავალებების შესრულების ხარისხს იყენებს. 

ისინი, ვინც თავს შეზღუდვის არმქონე პირებს ადარებენ, საკუთარ შეზღუდულობას შემაფერხებელ ფაქტორად განიხილავენ, რომელიც შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციაში უშლის ხელს. 

 „ რომ გითხრათ, გათანაბრებული ვარ ჩვეულებრივ ადამიანთან, რომელიც მუშაობს და ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვს,  ნამდვილად მოგატყუებთ. ვმუშაობ, მაგრამ შეფერხებები მაინც მაქვს, მაქვს ფსიქოლოგიური ბარიერებიც. იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ახერხებენ, მე კონკურენციას ვერ ვუწევ.  რაღაც დონეზე ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას ვახერხებ, თუმცა ყველაფერს თავისი დაძაბულობა ახლავს თან, ამას ვერსად გაექცევი.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ მე რომ ჯანმრთელი ვიყო, უფრო ბევრ რამეს გავაკეთებდი სამსახურშიც, მეტად აქტიური ვიქნებოდი ზოგადად,  წავიდოდი უცხოეთში სასწავლებლად, დავოჯახდებოდი .”(ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი) 

ის რესპონდენტები, ვინც თვითრეალიზების შესახებ საკუთარი შესაძლებლობების  მიხედვით მსჯელობენ, თავს რეალიზებულად მიიჩნევენ იმ ჩარჩოს გათვალისწინებით, რომელსაც მათ მათი შეზღუდულობა უწესებს.

„ რეალიზებულად რომ იგრძნო ადამიანმა თავი, თვითონ უნდა გჯეროდეს, რომ რეალიზებული ხარ ...არასოდეს ვოცნებობ იმაზე, რასაც ვერ მივწვდები, ვგეგმავ იმას, რასაც შევძლებ და ყველაფერი გამომდის, რაც დამიგეგმავს.” (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი) 

რესპონდენტები, რომლებიც დაკისრებული დავალებების შესრულების ხარისხით კმაყოფილები არიან, მიიჩნევენ, რომ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციებას ახერხებენ.

„ დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ და იმაზე მეტსაც ვაკეთებ, ვიდრე რეალურად მევალება.” (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი) 

კვლევაში მონაწილეთაგან მხოლოდ რამდენიმე რესპონდენტს არ მიაჩნია თავი ბოლომდე რეალიზებულად, რადგან სჯერათ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. ბევრს დავეხმარებოდი რჩევებით, თუნდაც სახლის  შშმ პირისათვის მოწყობაში, დაგეგმარებაში.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)  


სრულფასოვნების განცდა

დასაქმება ბევრი შშმ პირისათვის „ნორმალურ“ ადამიანად, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ქცევის საშუალება აღმოჩნდა.

„ამაზე მეტი რა უნდა იყოს - სახლიდან გამოდიხარ, კომპლექსი გეხსნება, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად თვლი თავს, შრომობ და შენი შრომით გასამრჯელოს იღებ, არავიზე ხარ დამოკიდებული” (დისკუსიის მონაწილე გორში).

„შეიძლება დასაქმებამდე გქონოდა ისეთი განცდა, რომ რომ გამუდმებით ვიღაცის მზრუნველობას საჭიროებ. დასაქმების  შემთხვევაში საკუთარ თავთან დამოკიდებულება იცვლება, ქმედითი, უფრო სასარგებლო ხდები. დასაქმება თვითდამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა, თვითშეფასება და საკუთარი პროდუქტულობის განცდა იზრდება და თავს უკვე ნორმალურ, სრულფასოვან ადამიანად გრძნობ.” (დისკუსიის მონაწილე თბილისში).

გუნება-განწყობილების შეცვლა

რესპონდენტები მიუთითებენ, რომ  დასაქმების შედეგად სიცოცხლის ხალისი გაუჩნდათ, შეიცვალა მათი დამოკიდებულება ცხოვრებისეული მოვლენებისა და გარშემომყოფებისადმი. რესპონდენტთა ნახევარი აღნიშნავს, რომ გაუჩნდათ პოზიტიური განწყობა, ხშირად არიან კარგ გუნებაზე.

„ხალისიც მეტი გაქვს, როცა დაკავებული ხარ, მუდმივად მოძრაობაში ხარ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

„ ძალიან დიდ როლს თამაშობს სამსახური, იმიტომ რომ მარტო და ჩაკეტილი არ ხარ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„ ბევრად უფრო კარგ ხასიათზე დავდექი, უმუშევრობის პერიოდში ძალიან ცუდად, დეპრესიულად ვიყავი. სამსახურს როცა ვეძებდი და ვხედავდი, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და მაინც არ მასაქმებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის გამო საშინელი გრძნობა იყო. ახლა ეს შეიცვალა, ფსიქოლოგიურად დავისვენე.“ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

„უმუშევრობა ნაღველის მომტანი იყო, მუშაობა კი კარგია, ახლა შინაგანი განწყობა ძალიან კარგი მაქვს.” (სმენის პრობლემის მქონე ქალი)


3.2. დასაქმების ზეგავლენა ქცევაზე

დასაქმება აისახება არა მარტო ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ მნიშვნელოვნად ცვლის მის ქცევას, უბიძგებს მას აქტიური ცხოვრებისაკენ.

შშმ პირთა აქტივობის გაზრდა

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სამსახურში სიარული მათგან სისტემატურად გარეთ გასვლას მოითხოვს, ამიტომ ისინი მუდმივად ფორმაში ყოფნას ცდილობენ. სამსახურის არქონის შემთხვევაში ისინი ბევრად უფრო იშვიათად, ნაკლებად აიძულებენ თავს, გავიდნენ გარეთ.

„დასაქმება არის ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც სახლის გარეთ და საზოგადოებაში გამოდიან შშმ პირები.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

„ იყო პერიოდი, როდესაც თვეობით არ გამოვდიოდი გარეთ. ისე ვიყავი შეჩვეული ამას, რომ აღარც მინდოდა რამე, აღარც არაფერი მაინტერესებდა...“ (დისკუსიის მონაწილე თბილისში).

„სამსახურში მივდივარ სიხარულით, მინდა არ მინდა ნორმალურად ვიცვამ, თავს ვუვლი, ფორმაში ვარ.“ (დისკუსიის მონაწილე გორში).


საზოგადოებისადმი ღიაობა

დასაქმების შემთხვევაში ფართოვდება შშმ პირების სოციალური წრე, უფრო აქტიური და მრავალფეროვანი ხდება ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ურთიერთობა სამუშაო გარემოში დადებითად აისახება მათ კომუნიკაციურ უნარებზე.

„ბევრად უფრო გახსნილი ხდები... ვხვდებით შშმ პირებს, ვუზიარებთ ერთმანეთს პრობლემებს და ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი).

„უფრო გახსნილები ვხდებით ოჯახთანაც და მეგობრებთანაც, საზოგადოებასთან უფრო აქტიური  ურთიერთობა გვაქვს. ეს თუ არა,  ჩაკეტილი ცხოვრება გვაქვს, ინფორმაციასაც ნაკლებად ვიღებთ.“ (დისკუსიის მონაწილე გორში)  


3.3. დასაქმების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დასაქმებამ დადებითად იმოქმედა, პირველ რიგში, მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც შემდგომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახა. 
რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მუშაობის დაწყების შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან დასაქმებას თერაპიული ეფექტი აქვს.

,, შრომა არის რეაბილიტაცია ჯანმრთელობის მხრივაც. არ ფიქრობ დეპრესიულ თემებზე, ფიქრობ შენს მოვალეობებზე. მუშაობა არ გაძლევს მოდუნების, პესიმიზმის საშუალებას. თუ ისე დაემთხვა, რომ თან იმას აკეთებ, რაც მოგწონს, მაშინ უბედნიერესი ხარ.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

„როცა დასაქმებული ხარ, თავს უკეთ გრძნობ შინაგანად, რაც ჯანმრთელობის პრობლემასაც გიმსუბუქებს, უფრო კმაყოფილი ხარ. შემოსავალი გაქვს საკუთარი, ოჯახშიც სხვა თვალით გიყურებენ.“ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი)

„ მუშაობის დროს ნელ-ნელა ძლევ ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ავითარებ გონებას.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)

„უფრო გავძლიერდი და გამძლეობაც მომემატა. თუ ადრე 3 საათი შემეძლო მეცადინეობა, ახლა უფრო მეტი შემიძლია.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცი)
 
,,ასე მგონია, რომ შიგნიდან გამოვჯანმრთელდი.“ (ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი)

იგივე კონტექსტში რესპონდენტები უმუშევრობის უარყოფით გავლენაზე ამახვილებენ ყურადღებას:
„დაუსაქმებლობამ უარყოფითი გავლენა იქონია, დამემართა სერიოზული ფსიქოზი, მუშაობა რომ დავიწყე  ფსიქიკურად დავისვენე.“ (მხედველობის პრობლემის მქონე კაცი) 
„მირჩევნია ფიზიკურად, გონებრივად გადავიღალო, ვიდრე უსაქმურობისგან.“ (დისკუსიის მონაწილე ქუთაისში)
 „სამსახურის, საქმის გარეშე დეპრესია დამემართებოდა.“ (დისკუსიის მონაწილე ქუთაისში)

გამოკითხულთა შორის ნახევარზე ნაკლები ვერ ხედავს დასაქმების რაიმე ზეგავლენას ჯანმრთელობაზე და მიაჩნია, რომ მისი მდგომარეობა დასაქმების შედეგად არ შეცვლილა.

კვლევაში მონაწილე მხოლოდ ორი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დასაქმებამ უარყოფითი გავლენა იქონია მათ ჯანმრთელობაზე. ზედმეტმა დატვირთვამ, ცუდმა სამუშაო გარემომ, გაუფრთხილებლობამ მკვეთრად გააუარესა მათი ფიზიკური მდგომარეობა: ერთ-ერთ რესპონდენტს აქტიური მუშაობის გამო ნაწოლი გუჩნდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მეორეს შემთხვევაში არქივში მუშაობამ ქრონიკული ხველა და იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვია (ფიზიკური შეზღუდვის მქონე კაცები).


3.4. დასაქმების ზეგავლენა შშმ პირთა სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე

რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ დასაქმება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს შშმ პირის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.