ძალზედ დიდია სხვაობა რეგიონების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილების მხრივ, რაც აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასაქმების შესაძლებლობებსა და შრომით მიგრაციაზე. 2019 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65% თბილისზე მოდის და შეადგენს 802.16 მლნ. აშშ დოლარს, მეორე ადგილზეა აჭარა 207.03 მლნ. აშშ დოლარით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა "საგარეო ეკონომიკური საქმიანობის" სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტიური მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები), მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე.